31 აგვისტო - ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე

საადვოკაციო კამპანიის არდასაჯო ფარგლებში „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართელოს ქსელისა“ (GeNPUD) და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ (GHRN) ორგანიზებით 2016 წლის 31 აგვისტოს ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა ეროვნული კამპანია, რომლის ძირითადი გზავნილია:

არდასაჯო! გადავარჩინოთ სიცოცხლე!

კამპანიის მიზანია: ზედოზირების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა.

2017 წლის 31 აგვისტოს, ეროვნული კამპანიის ფარგლებში ნარკოტიკების მომხმარებლებმა, მათი ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა საქართველოს 10 ქალაქში (თბილისი, თელავი, გორი, რუსთავი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი) მარადიული ხეების დარგვის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული აქციით, პატივი მიაგეს ზედოზირებით გარდაცვლილ ადამიანებს და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში დაღუპულ ნარკომომხმარებელთა ხსოვნას, მეორე მხრივ სოლიდარობა გამოუცხადეს ნარკოტიკების მომხმარებლებს და მათი ოჯახის წევრებს, რათა მოხდეს მომხმარებლების საზოგადოებაში ინტეგრაცია ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

ადგილობრივ დონეზე ღონისძიებებს ორგანიზება გაუწია ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (GeNPUD) წევრი თვითორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის (GHRN) წევრმა ორგანიზაციებმა. მითითებულ ქალაქებში ღონისძიება - „სიცოცხლის ხეები“ დარგვის აქცია გაიმართა 19:00 სთ-ზე:

ა/ო „ნაბიჯი მომავლისკენ“ (გორი, თელავი)

ა/ო „ახალი გზა“ (ქუთაისი, სამტრედია, თბილისი)

ა/ო „რუბიკონი“ (ქუთაისი)

ა/ო „ქსენონი“ (ზუგდიდი)

ა/ო „ორდუ“ (ფოთი)

ა/ო „იმედი“ (ბათუმი)

ა/ო „ფენიქსი 2009“ (ოზურგეთი)

ა/ო „ორდუ“ (ფოთი)

ა/ო „აკესო“ (თბილისი)

ა/ო „ჰეპა პლიუსი“ (თბილისი)

ა/ო „ახალი ვექტორი“ (რუსთავი, თბილისი) 

იხილეთ ფოტო - თბილისი 

იხილეთ ფოტო - რეგიონები

ეროვნული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ქალაქებში აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ქვეყანაში არსებულ ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის მიერ წლების მანძილზე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში განხორცილებული სისტემური ძალადობა, რამაც გამოიწვია ათასობით ჩვენი თანამოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მოსპობა. აქციის მონაწილეებმა დაგმეს დემურ სტურუას და ლევან აბზიანიძის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ძალადობის, დაშინებისა და შანტაჟის ფაქტები, რაც თავის მხრივ გახდა ამ ადამიანებისა და არაერთი ჩვენი თანამოქალაქის სიკვდილის მიზეზი.

ზედოზირების საერთაშორისო დღის ფარგლებში აქციის მონაწილეებმა მწუხარება გამოხატეს აგვისტოს თვეში ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე (Gem Fest) ახალგაზრდა გოგონას ფსიქოაქტიური ნივთიერებით ინტოქსიკაციის გამო, რომელიც ორგანიზატორებისა და სამართალდამცავების დაუდევრობის, გულგრილობის და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის გამო გარდაიცვალა. სამწუხაროდ მსგავს ღონისძიებებზე ინტოქსიკაციის ფაქტები და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა მატულობს. თითოეული ასეთი შემთხვევის მიზეზად არასაკმარისი ინფორმირებულობა და ზიანის შემცირების სერვისების ადგილზე არ არსებობა სახელდება. გამომდინარე გაზრდილი რისკების ტენდენციიდან, ღონისძიებების მიმდინარეობისას ზიანის შემცირების პროგრამების განმახორციელებელმა და სათემო ორგანიზაციებმა მოუწოდეს ხელისუფლებას მსგავს ღონისძიებებზე მოახდინონ დროული და შესაბამისი ინტერვენციები და მისცენ ზიანის შემცირების პროგრამების განმახორციელებელ სათემო ორგანიზაციებს საშუალება მოახდინონ: ინფორმირება/კონსულტირება, ნარკოტიკების ხარისხის კონტროლი, პირველადი დახმარების აღმოჩენა, სტერილური/უსაფრთხო მასალების გავრცელება.

ეროვნული კამპანიის ორგანიზატორი სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები გმობენ ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას, ნარკოტიკების მოხმარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმას, ქუჩის ნარკოტესტირებას, ღირსების შემლახავ/არაადამიანურ მოპყრობას, ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების მოსპობას, ადამიანების ჩაგვრას და იზოლაციას და დაუყონებლივ მოითხოვენ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის რეფორმას. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს საზოგადოებას და სახელმწიფო სტრუქტურებს მხარი დაუჭიროს „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს და ნარკოპოლიტიკის რეფორმას.

კამპანიის მიმდინარეობისას GeNPUD მა მწუხარება გამოხატა საქართველოს ტყეებში გაჩენილ ხანძართანდაკავშირებით, გაიზიარა  სამოქალაქო პასუხისმგებლობა  და კამპანიით  გამოეხმაურა  ხანძრის  შედეგად დაზიანებული  ‘’მწვანე რესურსის’’ აღდგენის მნიშვნელობას. GeNPUD მა გამოხატა მზაობა წვლილი შეიტანოს და დაეხმაროს საზოგადოებას ყველა იმ საშუალებით, რაც მომავალში აუცილებელი იქნება დანაკარგის მაქსიმალურადშემსუბუქებისთვის.

კამპანიის ფარგლებში მოხდა საინფორმაციო გზავნილების მომზადება ბოლო დროს სხვადასხვა სინთეტური ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული გაზრდილი ზედოზირების შემთხვევების რისკის თავიდან ასაცილებლად. საინფორმციო მასალა მოამზადა ექსპერტებმა: დათო ოთიაშვილი, ხათუნა თოდაძე, ირმა კირთაძე, მაკა გოგია, თამუსია სირბილაძე.  შესაბამისად მოსახლეობას და მოწყვლად პოპულაციას კამპანიის ფარგლებში მიეწოდა საჭირო ინფორმაცია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შედეგად ზედოზირების თავიდან აცილების და პირველადი დახმარების გზების შესახებ. აქციის მიმდინარეობისას მოხდა ზედოზირების შესახებ და უფლებრივი კუთხით ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობაში ზიანის შემცირების პროგრამის ფაგლებში შექმნილი საინფორმაციო მასალებისა და ზეპირი ინფორმაციის სახით.

იხილეთ ფოტო - საინფორმაციო მასალა

კამპანიის მიმდინარეობისას ზიანის შემცირების სერვის ცენტრებში მოწვეულ იქნა ექიმი ნარკოლოგები და სფეროს ექსპერტები, რომლებმაც თანასწორგანმანათლებლებს ჩაუტარეს საინფორმაციო/საგანმანათლებლო შეხვედრები ზედოზირების საკითხებზე.

საქართველოში ზედოზირების ფაქტების ოფიციალური სტატისტიკური ციფრები არ გვაქვს, მაგრამ დარგში მომუშავე სპეციალისტები ყოველწლიურად არაოფიციალურად ვარაუდობენ რამოდენიმე ათეულ ლეტალურ შემთხვევებს. აღსანიშნავია საქართველოში წლების განმავლობაში არსებული არასახარბიელო სიტუაცია, როდესაც მაგალითად 2014 წლის აგვისტომდე სამედიცინო დაწესებულებებს და ექიმებს ეკისრებოდათ კანონისმიერი ვალდებულება ზედოზირების შემთხვევები პოლიციისათვის ეცნობებინათ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის #239/ნ-ე ბრძანებულების მიხედვით. სადავო ბრძანება ეწინააღმდეგებოდა მსხვერპლის ან ზედოზირების შემსწრეების სურვილს შემთხვევის შესახებ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის მიემართათ. ასეთი კანონის გამო არაერთი შემთხვევა ადამიანების გარდაცვალების მიზეზი გამხდარა. „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ ინიციატივით, ზიანის შემცირების და ნარკოპოლიტიკის დარგში მომუშავე ორგანიზაციების და აქტივისტების აქტიურობით 2014 წლის 11 აგვისტოს მითითებულ ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ამჟამად სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებს აღარ აქვთ ვალდებულება ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობის შემთხვევაში აცნობონ პოლიციას. ახალი ცვლილებები ნარკო კანონმდებლობაში პროგრესული ნაბიჯი იყო, მაგრამ საქართველოს რეგიონში ისევ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და არადამიანური ნარკოპოლიტიკა აქვს და ასეთი პოლიტიკის გამო ძალიან ბევრი მსხვერპლია, ცალკეული პიროვნების, მისი ოჯახის და მთლიანად საზოგადოების სახით.

საქართველოში ზედოზირების პრევენციის მხრივ ასევე ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად კვლავ რჩება ზედოზირების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მედიკამენტის ნალოქსონის ხელმისაწვდომობა, რადგან რეფორმის შედეგად სარეცეპტო სისტემის შემოღებით ნალოქსონზე ხელმისაწვდომობაც შეიზღუდა. ნალოქსონი არის იაფი, უსაფრთხო, არანარკოტიკული, მაღალეფექტური სამედიცინო პრეპარატი, რომელიც ზედოზირების შემთხვევაში სწრაფად მოქმედებს. ნალოქსონი შეტანილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ძირითადი მედიკამენტების სიაში, ხოლო მისი თავისუფლად ხელმისაწვდომობა კი კრიტიკული საკითხია არამარტო ნარკოტიკების მოხმარების, არამედ სხვა შესაბამისი მედიკამენტების ზედოზირების შემთხვევების გამო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

კამპანიის ფარგლებში GeNPUD ის მიერ პრეპარატ „ნალოქსონის“ ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მომზადდა განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სახელზე.

კამანიის ფარგლებში მომზადდა კამპანიის ფეისბუქ/ივენთის გვერდი, სადაც განთავსდა ინფორმაცია კამპანიის ფარგლებში ღონისძიებების შესახებ და  სხვადასხვა პრაქტიკული ინფორმაცია:

https://www.facebook.com/events/814713922036578/?fref=ts

 

კამპანიის ფარგლებში მომზადდა პრომომასალა (მაისურის თემატური სამი სახეობა), რომელიც დაგზავნილ იქნა 10 ქაქლაქში. აქციის მონაწილეები კამპანიის მიმდინარეობისას ატარებდნენ თემატურ მაისურებს, რომელიც ასევე გავრცელებულ იქნა მოსახლეობაში.

 

აქცია გაშუქდა მასმედიის საშუალებით:

(პულსი) - https://www.youtube.com/watch?v=StmBOliZp8w 

(newpres)-http://newpress.ge/justiciis-saxlis-win-zedozirebit-gardacvlilta-xsovnis-pativsacemad-kviparisebs-dargaven

(ლიბერალი) - http://liberali.ge/news/view/31048/31-agvisto-zedozirebaze-tsnobierebis-amaghlebis-dghea 

 

მომხმარებელთა ქსელისა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებული კამპანია შეუერთდა გლობალურ კამპანიას, რომლის მთავარი გზავნილია:

ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელია  - Overdose death is preventable

 

დროა გვახსოვდეს, დროა მოქმედების   - Time to Remember, time to Act

 

ინფორმაცია განთავსდა გლობალური კამპანიის ივენთის გვერდზე: https://www.overdoseday.com/category/georgia/

 

ეროვნული კამპანია მხარდაჭერილ იქნა შემდეგი ორგანიზაციების მიერ:

გლობალური ფონდი (Global Fund)

მსოფლიო ექიმები - საფრანგეთი (MDM)

რეგიონალური პროექტი - "ზიანის შემცირება მუშაობს - დააფინანსეთ!"