აივ ინფექციის მკურნალობის ძირითადი მიმართულებები

აივ ინფექცია/შიდსის განკურნება დღეს არსებული სამკურნალო საშუალებებით შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომლებიც იძლევა საშუალებას რომ შიდსი მომაკვდინებელი დაავადებიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად გადაიქცეს. განასხვავებენ აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის შემდეგ მიმართულებებს:

  • ანტირეტროვირუსულიმკურნალობა (არვ)
  • ოპორტუნისტულინფექციათამკურნალობა
  • იმუნოკორექციადაიმუნორეაბილიტაცია

ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყება ხდება შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური ჩვენების შემთხვევაში. ყველა აივ ინფიცირებულს არვ არ ესაჭიროება. სწორად შერჩეული და დროულად დაწყებული არვ გამოირჩევა მაღალი აქტიურობით, იგი:

  1. თრგუნავს ვირუსის რეპლიკაციას
  2. ახანგრძლივებს ინფიცირებულის სიცოცხლეს და ანელებს დაავადების პროგრესირებას.
  3. სისხლში ვირუსის კონცენტრაციის შემცირების გზით ამცირებს დაავადების გადაცემის რისკს.
  4. აუმჯობესებს პაციენტის სიცოცხლის ხარისხს.

არვ თერაპიის ფონზე ადვილი ხდება ოპორტუნისტული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, რასაც დიდი თერაპიული, მორალური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, როგორც პაციენტის ისე სახელმწიფოსათვის.

არვ თერაპიის შეწყვეტა ან რეჟიმის დარღვევა იწვევს დაავადების სწრაფ პროგრესირებას და ვირუსის რეზისტენტური ფორმების განვითარებას, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატების მიღების რეჟიმის ზუსტად დაცვას, ასევე გვერდითი ეფექტების დროულად გამოვლენას და მათ წინააღმდეგ ბრძოლას. ანტირეტროვირუსული თერაპია მოითხოვს დიდ ეკონომიკურ რესურსებს, რაც ხელს უშლიდა რეჟიმის ზუსტ დაცვას და მის ფართო გამოყენებას.

2001 წელს აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ გაეროს ინიციატივით შეიქმნა შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდი. ფონდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება ეკონომიკური რესურსების მობილიზება და მიზნად ისახავს დაეხმაროს ქვეყნებს შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის ეპიდზედამხედველობაში, ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობაში. გლობალური ფონდის საბოლოო მიზანია ხელი შეუშალოს აღნიშნული დაავადებების გავრცელებას და შეამციროს მათ მიერ გამოწვეული სიკვდილიანობა.

საქართველო არის ერთერთი პირველი ქვეყანა დსთ-ს ქვეყნებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს არვ თერაპიის 100% - იან ხელმისაწვდომობას. აივ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას და მოვლას გლობალური ფონდი ხელშეწყობით საქართველოში ახორციელებს ,,ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიუკული ცენტრი”. აივ სტატუსის განსაზღვრის შემდეგ პაციენტი ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილებიდან გადადის დისპანსერულ განყოფილებაში, სადაც იგი ხვდება ცენტრის ექიმი ინფექციონისტის მეთვალყურეობის ქვეშ და ტარდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კლინიკური და ლაბორატორიული შესწავლა, აივ ინფიცირებულებს უტარდებათ ორგანიზმის გამოკვლევის ფართო პანელი, მიმდინარეობს იმუნური სისტემის (CD4, CD4/CD8) და სისხლში ვირუსული დატვირთვის შესწავლა. საბოლოოდ მიღებული შედეგების საფუძველზე ცენტრის ექიმის მიერ ხდება მკურნალობის საკითხის გადაწყვეტა. თუ პაციენტის მდგომარეობა არ მოითხოვს მის სტაციონარიზაციას მაშინ ხდება პაციენტის მკურნალობა ამბულატორიულად. ამ შემთხვევაში პაციენტს თავისი მკურნალი ექიმის მიერ ენიშნება არვ თერაპია და იგი ყოველთვიურად მოდის ცენტრში არვ პრეპარატების წასაღებად. ყოველი ვიზიტის დროს პაციენტი იღებს ერთი თვის სამყოფ არვპრეპარატებს. ყოველი ვიზიტისას ექიმი არკვევს თუ რამდენად სწორად იცავს პაციენტი არვ თერაპიის რეჟიმს, რა პრობლემები და ჩივილები აქვს მას. ექიმი აძლევს რჩევებს და რეკომენდაციებს, რათა სწორად მოხდეს მკურნალობის წარმართვა და გვერდითი ეფექტების არსებობის შემთვევაში ექიმი უნიშნავს გვერდითი ეფექტების საწინააღმდეგო მკურნალობას ან ცვლის პრეპარატს სხვა შედარებით უფრო ადვილად გადასატანი პრეპარატით. საჭიროების შემთხვევაში ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ცენტრის სტაციონარულ განყოფილებაში, სადაც თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ პალატებში პაციენტს მორიგე ექიმის მიერ უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო ღონისძიება. შიდსის ცენტრში აღრიცხვაზე მყოფ პაციენტებს წელიწადში სამჯერ უტარდებათ გამოკვლევები ხდება იმუნური სისტემის მდგომარეობის და ვირუსული დატვირთვის შესწავლა, მიმდინარეობს პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აუცილებელია მკურნალობის დაწყების მომენტის განსაზღვრისათვის. ასეთი დამოკიდებულების გამო პაციენტი თავს დაცულად გრძნობს, მან იცის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშაა აყვანილი და საჭიროების შემთვევაში შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს თავის მკურნალ ექიმს.

საქართველოში ფუნქციონირებს აივ ინფექცია შიდსით დაავადებულთა ორი რეგიონალური ცენტრი: ქ. ბათუმში და ქ. ზუგდიდში, ამ ცენტრებში შექმნილია ყველა პირობა ინფიცირებულთა მკურნალობისა და მოვლისათვის.