საქართველოში C ჰეპატიტის შემთხვევების შესამცირებლად და მკურნალობისთვის მომავალი წლიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი ამოქმედდება

საქართველოში C ჰეპატიტის შემთხვევების შესამცირებლად და მკურნალობისთვის მომავალი წლიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი ამოქმედდება. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრის დროს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენოებთან ტრადიციული შეხვედრა გამართა, სადაც C ჰეპატიტის მკურნალობის შესახებ ისაუბრა.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ამერიკულ მხარესთან, რათა საქართველოში განხორციელებულიყო შედარებით იაფი მედიკამენტების შემოტანა. სერგეენკოს თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში ამ მიზნით პრეპარატის მწარმოებელ და გამომგონებელთან მოლაპარაკებები ჰქონდათ, ბოლო თვენახევრის განმავლობაში კი შესაძლებელი გახდა ემსჯელათ არა მხოლოდ C ჰეპატიტის მკურნალობის იაფი წამლის შემოტანაზე, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის განხორციელებაზეც. აღნიშნული პროექტი მომავალი წლიდან დაიწყება. დაგეგმილია C ჰეპატიტის ელიმინაცია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განმარტა, ეს ნიშნავს, რომ ყველა C ჰეპატიტით დაავადებულს შესაძლებლობა ექნება მკურნალობა იაფი მედიკამენტით "სოფოსბუვირით" მიიღოს. ასევე მინიმამუმდე იქნეს დაყვანილი ახალი შემთხვევების გამოვლენა. შეხვედრაზე სერგეენკომ თავი შეიკავა დაესახელებინა კონკრეტული ციფრები, თუ რა იქნება მედიკამენტ "სოფოსბუვირის" ფასი. მისივე თქმით, კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ არის. ამასთან, სერგეენკომ აღნიშნა, რომ ყველას, ვისაც მკურნალობა სჭირდება, საშუალება ექნება წამლის შეძენის. მკურნალობა მოხდება 2-3 წლის განმავლობაში. პაციენტები პრეპარატის მიღებას თებერვალში ან მარტიდან დაიწყებენ.

მისნისტრის თქმით, პირველ რიგში მოხდება იმ პაციენტების პროგრამაში ჩართვა, რომელსაც დაავადების შორს წასული ფორმები გააჩნიათ. პროგრამის შესახებ ფართო საინფორმაციო კამპანია ჩატარდება და ყველას ექნება საშუალება, გაიგოს ამ პროგრამის შესახებ. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ათივე რეგიონში იქნება სპეციალური ცენტრები, სადაც პაციენტები ამ სამკურნალო ტაბლეტებს მიიღებენ. მისივე განცხადებით, მკურნალობა მოხდება ტაბლეტებით და არა ინექციით.

პროგრამის განხორციელებაში ქართულ მხარეს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაეხმარება. ამერიკული კომპანია, რომელიც "სოფოსბუვირს" აწარმოებს არის "გილეადი". შეხვედრას ასევე ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი. ელჩმა მინისტრს მიულოცა თანამშრომლობა, რომელიც დაიწყება ერთი მხრივ, კერძო კომპანიასა და მეორე მხრივ, სახელმწიფოს სტრუქტურას შორის. მანვე აღნიშნა, რომ ამერიკული კერძო კომპანია "გილეადი" არის პიონერი, რომელიც აწარმოებს C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს ამერიკაში. ელჩის თქმით, საკმაოდ დაბალ ფასად იქნება შეთავაზებული დაავადებულთათვის ეს პრეპარატი.

იხილეთ ვიდეო - საქართველოში c ჰეპატიტის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება